კოლეჯის პარტნიორი- ჯერმანთაუნის საზოგადოებრივი სკოლა

პარტნიორული ურთიერთობის განვითარება და ვიზიტი ჯერმანთაუნის სატელევიზიო სტუდიაში

თბილისის ტელეპროფილურ ლიცეუმსა (თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის მაშინდელი დასახელება) და ჯერმანთაუნის (აშშ) საზოგადოებრივი სკოლის სატელევიზიო სტუდიას შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც USAID-ს დაფინანსებით,1996 წელს,ერთობლივ ვიდეო პროექტზე ვიმუშავეთ და ერთი წლის შემდეგ ამ სატელევიზიო პროგრამით მედიის მსოფლიო ელექტრონულ ფესტივალზე “დიდი პრიზი” მოვიპოვეთ.
დღეს ამ სტუდიასთან ურთიერთობის აღდგენისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით ჩვენი კოლეგა აშშ-ში, ტენისის შტატში იმყოფება, სადაც, ამერიკელი მოსწავლეები პრაქტიკული სატელევიზიო პროექტის ფარგლებში ჯერმანთაუნის რიგით 47-ე ტრადიციული ფესტივალის პირდაპირ ეთერში გასაშუქებლად ემზადებიან მემფისის საკაბელო ტელევიზიით.
ჩვენი კოლეგის (სალომე ცხადაძე) ვიზიტის მიზანია ჯერმანთაუნის სატელევიზიო სტუდიის დღევანდელი ადმინისტრაციისა და სტუდენტებისთვის კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა; წელს, თბილისში,ამერიკელ კოლეგასთან შეთანხმებული მემორანდუმის გაფორმება და დამკვირვებლის სტატუსით სასწავლო პროცესსა და პრაქტიკულ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.
ჩვენი კოლეგის, როგორც კოლეჯის სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელის აშშ-ში სტუმრობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო პროცესში შესაძლებელი გახდება ამერიკული გამოცდილების რეალიზაცია პრაქტიკული მოდულების დაგეგმარებასა და მართვაში.

ფესტივალი – პროფესიული გამოცდილებისთვის

ჯერმანთაუნის საზოგადოებრივი სკოლის სატელევიზიო სტუდია, რომელიც არსებობის 30 წელს ითვლის, აგვისტოს ბოლო დღეებიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად ემზადება მომავალი ფესტივალისთვის. სატელევიზიო სტუდიის შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი წინასწარ ადგენს ფესტივალის საეთერო უზრუნველყოფის გეგმას, აკომპლექტებს ტექნიკურ მოწყობილობებს ჩართვებისთვის.
სატელევიზიო სტუდიის მოსწავლეებმა ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე რეპეტიციების გავლა დაიწყეს. იმდენად, რამდენადაც ჯერმანთაუნის ფესტივალი ტრადიციულია და ძირითადად მსგავსი სცენარით ქალაქის ერთსა და იმავე ადგილზე იმართება, სატელევიზიო სტუდიის მოსწავლეები და პედაგოგები მეტ-ნაკლები სიზუსტით ახერხებენ გავარჯიშებას მომავალი ღია ეთერისთვის.
ყოველი რეპეტიციის დასრულების შემდეგ ისინი სტუდიაში იკრიბებიან და ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავენ რეპეტიციაზე დაშვებულ შეცდომებს.

პრაქტიკა- პროფესიული განვითარებისთვის

წარმოიდგინეთ ქალაქის საზოგადოების შეკრება ყოველი წლის სექტემბრის პირველი კვირის ბოლო შაბათ-კვირას, რათა შეგროვდეს ფინანსები კოლეჯის რჩეულ მაღალკლასელთა სტიპენდიებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის და ქალაქის სხვადასხვა საჭიროებათა მხარდაჭერისთვის.
ფესტივალის ეპიცენტრს, რომელიც წელს ტენისის შტატის ამ პატარა ქალაქში ორმოცდამეშვიდედ ტარდება, წარმოადგენს საზოგადოებრივი კომპლექსი, სადაც ამ ორდღიან ღონისძიებაზე ყველასთვის მოიძებნება ადგილი: დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებისთვის, საბავშვო ღონისძიებებისთვის, ატრაქციონებისა და თამაშებისთვის, გასართობი პროგრამებისთვის, საავტომობილო გამოფენისთვის და სხვა.
2 ტელეწამყვანი, 20 სტუმარი, 6 მუსიკალური ნომერი, 4 ჟურნალისტი “გარე წერტილებში”, 17 რეპორტაჟი და 3 სიუჟეტი, ასეთი იყო სამსაათიანი უწყვეტი “ლაივშოუ“, რომელიც ჯერმანთაუნის რიგით 47-ე ფესტივალისთვის მოამზადეს სატელევიზიო სტუდიის 15-18 წლის მოსწავლეებმა. სატელევიზიო “ცოცხალ” შოუში მონაწილეობდნენ ქალაქის ცნობილი ადამიანები, ფესტივალის პროგრამაში ჩართული მონაწილეები და თავად სტუდენტები. სამსაათიანი პირდაპირი ეთერი მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით მოამზადეს, თუმცა ეთერს დამოუკიდებლად უძღვებოდნენ. ეს იყო დაახლოებით 25-30 ადამიანისგან შემდგარი ერთი დიდი გუნდი, რომლებმაც ორკვირიანი ინტენსიური ერთობლივი მუშაობით კარგი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მიიღეს.

მემორანდუმი-მომავალი ურთიერთობებისა და განათლების ხელშეწყობისთვის

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივ კოლეჯსა და აშშ ტენისის შტატის ჯერმანთაუნის საზოგადოებრივ სკოლას შორის გაფორმდა მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა,რომელიც ემსახურება ქართველი და ამერიკელი სტუდენტების განათლების ხელშეწყობას, ერთობლივი ვიდეო პროექტების განხორციელებას და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
მემორანდუმს ხელი მოეწერა ჯერმანთაუნის საზოგადოებრივი სკოლის, დირექტორის, ქალბატონ ბარბარა ჰარმონის და კოლეჯის დირექტორის მოადგილის, ქალბატონ სალომე ცხადაძის მიერ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *